Monday, May 20, 2019

შალვა ამონაშვილის ამონარიდები..

ამონარიდები, ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებლისა და ფსიქოლოგის, შალვა ამონაშვილის ლექციიდან "ღია გაკვეთილები" პედაგოგებისთვის:
 ზოგიერთი მშობელი ამბობს, ჩემი შვილი ხელის გულივით ვიციო. მაშასადამე, მან თავისი ხელის გულიც არ იცის.
 მასწავლებლებო! გაუფრთხილდით მშობლებს. არ მოაჩვენოთ, რომ თქვენ მათზე მეტი ხართ. 60-იანი წლების მასწავლებლებმა იცოდნენ ასე. შეკრებდნენ მშობლებს კრებაზე, დასხამდნენ და ჭკუას არიგებდნენ! თუ ეს გრძელდება ვინმესთან, სირცხვილი თქვენ!
 ახლანდელი მშობლები სხვა დედები და მამები არიან. ეს ადრე იყო მასწავლებელი ყველაზე განათლებული. ახლა ასე აღარ არის. შეიძლება რომელიმე მშობელი თქვენზე განათლებული იყოს. ისეთი უნდა იყოს თქვენი ჩატარებული მშობელთა კრება, მშობლებმა თვითონ უნდა თქვან, მასწავლებელი მაინც მაღლააო!
 ბევრი მასწავლებელი, უბრალოდ, ჭიდაობს ბავშვთან. გაშლილია ხალიჩა და ვინ ვის აჯობებს. შენ შეგიძლია უყვირო და იმან არა? შენ დაამცირო და იმან არა? მშობელსაც მოიწვევ! იცი, დღეს შენმა შვილმა რა მაკადრაო, ეტყვი! და შენ რა აკადრე?! ეს ავტორიტარი მასწავლებლის სტილია!
 მასწავლებელო! არასოდეს დაიბარო მოსწავლის მშობელი იმის გამო, რომ ბავშვი შენს გაკვეთილზე ცუდად იქცევა. არ მოსწონს შენი ჩატარებული გაკვეთილი და აბა, რას იზამს?! თუ ბავშვი გვერდით გიდგას და შენ მშობელს ამას უყვები, რას ისწავლის ბავშვი? დასმენას!
 ბევრ მასწავლებელს ჰგონია, რომ განვითარება ბევრი ცოდნის გადაცემაა. ბევრმა ცოდნამ შეიძლება განუვითარებელი დატოვოს ბავშვი.
 განვითარების გარდა ბავშვს სჭირდება მოტივი, რომ ისწავლოს. შორეული კი არა, ცოდნა მომავალში გამოადგება ან ექიმი უნდა გამოვიდეს, არა. მას ჯერ მოკლევადიანი მოტივები და სიყვარული სჭირდება.
 ჩვენ ცოდნის ორი საფეხური გვაქვს: გული და თავი. ჩვენ ცოდნას თავში ვდებთ და გული გვავიწყდება. ამიტომ ხშირად არის, რომ ვასწავლით კარგს და აკეთებენ უკეთურობას.
 ბავშვი ჩიჩინის პედაგოგიკას ვერ იტანს. ერთადერთი გამოსავალი არის მეგობრობა. თუ დისტანციას დაიჭერ, უფრო დაშორდები ბავშვს.
 მთავარი ცოდნა კი არ არის, რასაც ჩვენ ბავშვებს ვაძლევთ, მთავარი სწავლისადმი დამოკიდებულებაა.
 ბავშვები ცხოვრებისთვის კი არ მოამზადოთ, აჩუქეთ ცხოვრება! როგორ უნდა მოამზადოთ ბავშვი ცხოვრებისთვის, რომელშიც თქვენ არ გიცხოვრიათ? ამიტომ ნუ გყავთ გადაყვანილი ბავშვი მომავალში. დღეს აჩუქეთ მათ ცხოვრება!
 ბავშვი თქვენთან გასაზრდელად მოჰყავთ. თქვენ კი აღზრდას გვერდით გადადებთ და მხოლოდ სწავლებას იწყებთ. გამოცდებს რომ ჩააბარებს, ეს გვგონია დიდი ღვაწლი ბავშვის მიმართ.
 ცელქი ბავშვი მასწავლებლისთვის პროფესიის სალესია. სალესი მოვიდა შენთან! გალესე რა შენი ხელოვნება.
 ვისაც უყვარს გამორჩეული ან ცელქი ბავშვები, ის მასწავლებელი გახდება წარმატებული.
 თუ რამეთი უნდა იამაყო, იამაყე იმ ჩამორჩენილი ბავშვებით, რომლებიც წინ გაისროლე.
 პატივი ეცით ბავშვის უცოდინრობას, მიუხვედრელობას, სიცელქეს. შენ ხარ დიდი! ის პატარაა. შენ იცი, იმან ჯერ არ იცის. მასწავლებლის გული უნდა გქონდეს. ეს არის სულიერი საწყისი მასწავლებლის.
 ბავშვი მოვლენაა, მას უსაზღვრო ენერგია და თავისი მისია მოაქვს. აჩუქე მას დიდობა, თავისუფლება და მიეცი განვითარების შესაძლებლობები.
 ბავშვი აღორძინებული ახალი ცხოვრებაა. ბავშვი, რომელიც თქვენ წინ ზის, გაიფურჩქნება 40-იან 60-იან წლებში. შენ რა უნდა გააკეთო ახლა? - წყალი უნდა დაუსხა.
 სკოლა არის სულის აღმავლობის კიბე. ჩვენ კი ვეძახით სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებას. სად არის ეს კიბე? მე ვარ კიბე. შენ ხარ კიბე. ბავშვი ყოველთვის სკოლაშია, როცა ჩემთან არის. ჩვენი ერთად ყოფნა სკოლაა.
 სკოლას კოლექტივი კი არ უნდა, ანსამბლი უნდა, რომელიც საკლასო ოთახებში სასიამოვნო მელოდიას ქმნის.
 არის 2 მცნება: სტაჟი და გამოცდილება. თუ ბევრი წელი ავტორიტარი იყავი, ჩემთვის ასეთ სტაჟს მნიშვნელობა არა აქვს.
 ბავშვი ძნელად ღებულობს მასწავლებლის სიყვარულს. ბევრჯერ უნდა დაუმტკიცოთ, რომ მისი ერთგული ხართ. ამისთვის გჭირდებათ მოთმინება.
 დაფიქრდით! არ იფიქროთ, დიპლომი მაქვს და ამით დამთავრდა! აღზრას დასასრული არ აქვს. ზრდის ბავშვს ის, ვინც თავად იზრდება.
 თუ ბავშვი მასწავლებელს არ ენდობა, რანაირი გაკვეთილი ჩაუატარდება მას?! თქვენ უნდა მიიზიდოთ ბავშვი, როგორც მაგნიტმა. თქვენმა საგანმა კი არა, თქვენმა პიროვნებამ უნდა მიიზიდოს მოსწავლე.
 იფიქრეთ, რა მაკლია მე, რომ უკეთესი ვიყო და არა, რა მაქვს მე, რომ სხვებზე უკეთესი ვარ?!
 შეუწყე ხელი წინსვლას და მიიღებ სიხარულს.
 თუ მასწავლებელს სკოლაში მიუხარია, ორგამაგად მიუხარიათ ბავშვებს.
 არ გინდათ თქვენი პროფესიით გაიხაროთ? სტანდარტების შესრულებით და შტამპებით, ვერ გაიხარებთ!
 აიღეთ დაწესებული სტანდარტები და მიხატ-მოხატეთ. ისე გაალამაზეთ, რომ ბავშვი გაოცდეს.
 მასწავლებელი უფრო კარგი გახდება, თუ ბავშვი იფიქრებს, მასწავლებელმა მე წინ გამისროლა და თვითონ უკან დარჩაო.
 ბავშვი პიროვნებაა და ის ცოდნა, რასაც ბავშვს გადასცემთ, პიროვნებაზე უნდა იყოს მიმართული.

No comments:

Post a Comment